საქართველოს ეკონომიკა

ქადაგიძე: ფულის მასის შემცირება გამოიწვევს ეკონომიკის შენელებას

medianews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, რეფინანსირების სესხზეც ისაუბრა. მისი თქმით, "ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა ხვდება სავალუტო ბაზარზე, შემდეგ რომელიღაც ბანკები ყიდულობენ და რაღაც კონსპირაციის თეორიით, ამას ვიწვევთ ხელოვნურად, რა თქმა უნდა, არ შეიცავს რეალობის ნატამალსაც კი". 

"ბევრი საუბარი იყო იმაზე, თითქოს რეფინანსირების სესხის ზრდა არის კურსის გაუფასურების გამომწვევი ფაქტორი, თითქოს შემდეგ ეს თანხა ხვდება სავალუტო ბაზარზე და ა.შ. შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების სესხის ინსტრუმენტი არის ერთკვირიანი, მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი ბანკებისთვის. მოვიყვან იმ მაგალითს, რატომ გაიზარდა დეკემბერში რეფინანსირების სესხები:

საბიუჯეტო რეფორმის ფარგლებში, 2015 წლის 1 იანვრამდე საბიუჯეტო ორგანიზაციებს ანგარიშები ჰქონდათ კომერციულ ბანკებში განთავსებული ლარში. მოხდა რეფორმა და ეს თანხები გადავიდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ჯამური მოცულობით 350 მლნ ლარი. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ ბანკებიც და ჩვენც. ამიტომ, ბანკებმა წინა კვირას, იმისთვის, რომ დაეცვათ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, მოგვმართეს ჩვენ, წაიღეს ჩვენგან 350 მლნ ლარი და შემდეგ უკვე უმტკივნულოდ, ის ნაშთები, რომლებიც ჰქონდათ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, გადავიდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ზუსტად ამისთვის არის რეფინანსირების სესხი, რომ არ შევქმნათ ლიკვიდობის პრობლემა და მაშინ, როცა ლარის მასა ან მოთხოვნა არის გაზრდილი, უზრუნველვყოთ მოკლევადიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

თეორიულად, ვინაიდან ეს არის ერთკვირიანი რეფინანსირების ინსტრუმენტი, მისი გაუქმება შეიძლება ერთ კვირაში. შეგვიძლია, ერთ კვირაში საერთოდ გავაუქმოთ ეს ინსტრუმენტი, რაც ნიშნავს 900 მლნ ლარის ამოღებას ეკონომიკიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ექნება ძალიან ცუდი ეფექტი, იქნება არასწორი და ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა ხვდება სავალუტო ბაზარზე, შემდეგ რომელიღაც ბანკები ამას ყიდულობენ და რაღაც კონსპირაციის თეორიით, ამას ვიწვევთ ხელოვნურად, რა თქმა უნდა, არ შეიცავს რეალობის ნატამალსაც კი.

არის კითხვა, ფულის მასას რატომ არ ვამცირებთ? არ შეიძლება რეფინანსირების ოდენობის ყურება მხოლოდ. მაშინ უნდა ვუყუროთ როგორც მიწოდების, ისე ამოღების ისტრუმენტს ანუ ჯამურად უნდა ვუყუროთ, რა მოსდის ფულის მასას. სარეზერვო ფულის ზრდა კი დასულია ერთნიშნა ზრდაზე, რაც არის მინიმალურზე მინიმალური. მისი კიდევ უფრო შემცირება დაარტყამს ეკონომიკურ ზრდას. შეგახსენებთ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში სარეზერვო ფული შემცირდა მხოლოდ 2008 წლის ბოლოს და 2009 წელს ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 3.8%. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევამციროთ ფულის მასა, მაშინ როცა ეკონომიკური ზრდა ისედაც არ არის დიდი, მხოლოდ გამოიწვევს ეკონომიკის "დატორმუზებას" და შენელებას. ეს ნიშნავს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, სესხების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და, რაც მთავარია, შეიზღუდება სესხები იმ ბიზნესსუბიექტებისთვისაც, ვინც არის ეკონომიკის ყველაზე ჯანსაღი ნაწილი.

დავუშვათ და არ ვაწვდით რეფინანსირების ინსტრუმენტის სახით კომერციულ ბანკებს თანხას, მაშინ რა მოხდება? იმისთვის, რომ მათ დააკმაყოფილონ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, უნდა დაიწყონ სახაზინო ვალდებულებების მასობრივი გაყიდვა, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების სწრაფ ზრდას ან შეამცირონ საკრედიტო დაბანდება ანუ ის ფული, რომელიც სესხად არის გაცემული, უნდა აქციონ ფულად, რომ დაიცვან ჩვენი ნორმატივი.

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არის არასწორი და მეტიც, ზუსტად ჩვენი მონეტარული ინსტრუმენტების გამართული და სწორი ფუნქცინირების გამო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მცირდება, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ლარში გაცემული სესხები. ჩვენ ვართ შორს იმ ნიშნულიდან, რა ნიშნულზეც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ პირველად საქართველოს ისტორიაში, საბანკო სექტორში ფიზიკური პირების ნახევარს სესხი აქვს ლარში, რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურებამ ძალიან დააზარალა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც დოლარში აქვს სესხი და შემოსავალი ლარში, მაგრამ არის მეორე ნახევარი, ვისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა სესხი ლარში და მათთვის ეს არის ნაკლებად მტკივნეული.

სწორი და გამართული პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მივაღწიოთ ლარიზაციის მაქსიმალურ დონეს, განსაკუთრებით ფიზიკურ პირ მსესხებლებში", - განაცხადა ქადაგიძემ.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები