სოფლის მეურნეობა

2014 წელს უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 1.4% ჩაიდო სოფლის მეურნეობაში

სარწყავი სისტემა გარდაბანში
ტაბულა

გასულ წელს საქართველოში სულ $1277 მილიონის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. თუმცა მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობაში $19 მილიონი ჩაიდო. ეს ინვესტიციების მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სოფლის მეურნეობა საინვესტიციოდ მიმზიდველ დარგს არ წარმოადგენს.

გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ტემპი 2013 წელთან შედარებით დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა და მხოლოდ 2% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების ტემპით სამშენებლო სექტორს რვაჯერ, ხოლო საფინანსო სექტორს 5-ჯერ ჩამორჩებოდა. ამის მიუხედავად, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის სამწლიანი პროექტის ფარგლებში სულ 200 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი 2011 წელთან შედარებით დაახლოებით ექვსჯერ არის გაზრდილი, თუმცა ბიუჯეტის ეს ზრდა სექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად არ ასახულა. 

სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოური ინვესტიციების ჩადებას არა მხოლოდ მისმა არამიმზიდველობამ, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებმაც შეუწყეს ხელი, მათ შორის, უცხოელთათვის სასოფლო სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დაწესებულმა მორატორიუმმა, რომლის მეშვეობითაც უცხოელებს საქართველოში მიწების ყიდვა აეკრძალათ. შემდგომში კი საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ცვლილება ადამიანის უფლებების შემლახავად ცნო და გააუქმა. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში შევიდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოელებს სასოფლო დანიშნულების მიწების ფლობისთვის კომლში გაწევრიანების ვალდებულებას აკისრებს. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი, 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ურბანიზაციის ზრდა და დიდი მეურნეობების შექმნაა მნიშვნელოვანი.

კომენტარები