თბილისის მერია

დავით ნარმანიამ მოადგილეებად ირაკლი ლექვინაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა

თბილისის მერია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილეები წარადგინა. სპეციალურ ბრიფინგზე მან ვიცემერის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა დაასახელა. ასევე, მერობის კანდიდატია ირაკლი ლექვინაძე. მათ კანდიდატურებს ნარმანია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გაუგზავნის.

"დიმიტრი ქუმსიშვილი დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ის არის პროფესიონალი ეკონომისტი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დიმიტრი მთელ თავის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს დედაქალაქის განვითარებას მოახმარს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში. თბილისის მერის [მოადგილის] პოსტზე წარმოგიდგენთ ასევე ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურას. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება თბილისის მერიას დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. ღრმად მწამს, რომ მისი კვალიფიციურობა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და გამოგვადგება", - განაცხადა ნარმანიამ და მადლობა გადაუხადა თავის ყოფილი მოადგილეებს ალექსანდრე მარგიშვილს და ალუდა გოგლიჩიძეს "აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის". ნარმანიამ აღნიშნა, რომ მარგიშვილი თბილისის მეწარმეობის ცენტრს, ხოლო გოგლიჩიძე ახალაგზრდულ ცენტრს უხელმძღვანელებს. 

"მერიის უფრო გამართულად ფუნქციონირებისთვის და ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო გახდა იმ პრიორიტეტების გაძლიერება, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად განვსაზღვრე. ამიტომ შეიქმნა მეწარმეობის მხარდაჭერის ცენტრი, რომელსაც ინვესტორთა მხარდაჭერა, მეწარმეობის განვითარება და ახალი პროექტების ინიცირება დაევალა. ცენტრის საქმიანობა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩემივე გადაწყვეტილებით, ამ ცენტრს ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. მეორე პრიორიტეტია, ახალგაზრდობის როლის გაზრდა დედაქალაქის ცხოვრებაში, რადგან თბილისში ამ თვალსაზრისით უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს. 28 თებერვალს თბილისის მერიამ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი 2018 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვების თაობაზე. გამარჯვებული ქალაქი 2018 წელს იქცევა ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის ცენტრად, სადაც მრავალი მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდება. სტატუსის მოსაპოვებლად დედაქალაქის მერიაში მრავალი ახალი პროგრამების განხორციელება იქნება აუცილებელი და მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომაც, გაძლიერდება თბილისის ახალგაზრდული ცენტრი და მას ალუდა გოგლიჩიძე უხელმძღვანელებს" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები