ღარიბაშვილის შეხვედრა მთავრობასთან

ღარიბაშვილი: უნდა დავივიწყოთ პირადი კომფორტი

facebook.com/GaribashviliOfficial

უნდა დავივიწყოთ პირადი კომფორტი და ყველაფერი გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერებთან, რაიონების გამგებლებთან და რეგიონების გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით სხვადასხვა პროექტებზე გამოყოფილი თანხების ათვისება ჯერ არ განხორციელებულა და მისი კრიტიკის მთავარი საგანი სწორედ ეს არის.

„მინდა თქვენგან მოვისმინო მთავარი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ეს დაგვიანებები, თუ ჩავარდნები. ასევე მინდა თქვენთან დღეს ვისაუბრო ადმინისტრაციული ხარჯებისა და სახელფასო ფონდის საკითხებზე. პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი თანხების ათვისებაზე - ეკონომიკური ზრდისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უნდა ავითვისოთ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის ხარჯზე და ვიფიქროთ ჩვენ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ეკონომიაზე“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ეკონომია უნდა გააკეთოს ადმინისტრაციულ შესყიდვებზე.

„ხსენებული ქამრების შემოჭერა, რომელზეც ჩვენ ღიად ვსაუბრობთ - ეკონომია უნდა გავაკეთოთ ჩვენ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე. უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, ოფისების რემონტი, ახალი ავეჯი და ყველაფერი გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა. წარმომადგენლობის ხარჯებზე 20% იქნება დაზოგილი, საწვავზე კი 30%, ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ძვირადღირებული მანქანების შეძენისგან, უნდა გავააქტიუროთ სოციალური პროექტები, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური შემწეობების მიმართულებით. ასევე მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის რეგიონებში არსებულ გამოწვევებს“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მერებს, რაიონების გამგებლებსა და რეგიონების გუბერნატორებს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

„სამინისტროებთან მეტი კომუნიკაცია მეგობრებო, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების პროექტების განხორციელებაში“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები