ხარჯების შემცირება

პრემიერი გუბერნატორებსა და გამგებლებს: ადმინისტრაციული ხარჯები უნდა დაიზოგოს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდებს. ღარიბაშვილმა მერებს, გამგებლებსა და გუბერნატორებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე მიმართა.

"ჩვენთვის მთავარი არის განვითარება. თუმცა, ასევე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ორგანოებმა უნდა მივიღოთ ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და აქვე მინდა, დავაფიქსირო, რომ შემცირება არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობის თითოეული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები. ჩვენ არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ რეგიონებში, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მთავარი ჩვენი მიზანი ადამიანია. ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. მინდა რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი დღევანდელი შეხვედრის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

პრემიერის თქმით, უახლოეს პერიოდში მთავრობა რეგიონებში გასვლას დაიწყებს და პირველად სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ.

კომენტარები