ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, დავით ნარმანია ნომინალური ფიგურაა და მის მაგივრად თბილისის მერიაში გადაწყვეტილებებს ე.წ. სუსის ხელმძღვანელი მირიან მჭედლიშვილი და მისი ძმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მჭედლიშვილი იღებენ. მელიას ცნობით, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში ქართუ ჯგუფის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო და დღესაც ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია. ამის შესახებ მელიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში თქვა.
"მირიან მჭედლიშვილი, რომელიც არის ივანიშვილის უახლოესი მეგობარი, გახლავთ სპეცსამსახურის, სუსის უფროსი. ის წლების განმავლობაში იყო ქართუ ჯგუფის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რეალურად ის ხელმძღვანელობს დღეს თბილისის მერიას თავისი ძმის მეშვეობით, რომელიც არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მჭედლიშვილი. ეს ადამიანი დაკავებულია ძირითადად კონტროლით. ბატონი ნარმანია უბრალოდ ნომინალური ფიგურაა და ამ ვითარებაში რომ ჰქონდეს შესაბამისი უნარი და შესაძლებლობები, მაინც ვერაფერს გააკეთებს. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის მართვის სტილია. იგივე ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში, დედაქალაქის მერიასა და ყველა სხვა თვითმმართველობაში", - თქვა ნიკა მელიამ.





