კრიზისი უკრაინაში

მოგერინი: უკრაინის კრიზისი ბალკანური ომების შემდეგ ევროპაში ყველაზე სერიოზულია

telegraph.co.uk

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. დონალდ ტუსკმა ობამასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეები ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობენ, რაც დაუშვებელია. 

"ვფიქრობ, ტრანსატლანტიკური ერთობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის სიტუაცია უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითად პრინციპებს, რომლებსაც რუსული აგრესია ემუქრება", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლა საუკეთესო დროა ჩვენი ერთობის რწმენის აღორძინებისთვის. თქვენ, ამერიკელები, ამ ერთობას ყველაზე ზუსტი ფრაზით გამოხატავთ - ერთად ჩვენ ვიდგებით, გაყოფილები კი დავეცემით", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოვიდა. ფედერიკა მოგერინიმ უკრაინაში შექმნილ ვითარებას ბალკანეთის ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისი უწოდა.

"ის, რაც უკრაინაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა, ბალკანეთის ომების შემდეგ ევროპაში ყველაზე სერიოზული კრიზისია. ეჭვქვეშ დადგა გაეროს წესდებით დამტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები. ეს პასუხის გარეშე ვერ დარჩება. ევროკავშირი გმობს ყირიმის უკანონო ანექსიას, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თებერვლის დასაწყისში გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების იდეაზე უარი თქვა. ამის შესახებ შეერთებულ შტატებში გერმანის ელჩმა ასოშიეიტედ პრესს განუცხადა. პეტერ ვიტინგის თქმით, ობამა დაეთანხმა მერკელის მოსაზრებას, რომ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას მეტი სივრცე უნდა დაეთმოს.

კომენტარები