სამომხმარებლო ბაზარი

კონკურენციის სააგენტომ პირველ საქმეზე მუშაობა დაასრულა

ttimes.ge

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ წყალტუბოს სანატორიუმებში თერმული წყლების ბაზრის კვლევა დაასრულა. სააგენტო კვლევის შედეგებს ათი დღის ვადაში გაასაჯაროებს. სწორედ ათ დღეში გაირკვევა, არის თუ არა კონკურენციის კანონის სავარაუდო დარღვევის ნიშნები წყალტუბოს თერმული წყლების ბაზარზე.

წყალტუბოს მინერალური წყლის ბაზარი საკმაოდ მცირეა, რადგანაც მრავალი სანატორიუმი და სასტუმრო ამ დროისთვის ამორტიზებულია და მხოლოდ მცირე დატვირთვით მუშაობს. სანატორიუმების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად უფუნქციოა და დღეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 

კონკურენციის სააგენტო ბაზრის კვლევას კომპანიების მოთხოვნებისა და საკუთარი ინიციატივის მიხედვით იწყებს. სააგენტომ საკუთარი ინიციატივით საქართველოს ყავის ბაზრის კვლევა დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ყავის ბაზარი კონკურენციის კანონის შესაძლო დარღვევებს შეიძლება შეიცავდეს. 

კონკურენციის სააგენტო მხოლოდ ასეთი მცირე ბაზრების შესწავლით არ ინტერესდება. პრემიერმინისტრმა კონკურენციის სააგენტოს გასულ წელს საქართველოს ნავთობის ბაზრის კვლევა დაავალა. სააგენტოს მიერ დადებული შუალედური კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი შეუსაბამოდ მაღალია და ნავთობპროდუქტების შუამავალი კომპანიები კონკურენციის კანონების დარღვევასა და კარტელურ გარიგებებში დაადანაშაულა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ნავთობის ფასი მეზობელ ქვეყნებთან - სომხეთთან და თურქეთთან შედარებით დაბალია.

კომენტარები