ოთარ კობერიძე

მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

ნეტგაზეთი

90 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იუწყება და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

სამინისტროს ცნობითვე, პანაშვიდები 10-11 მარტს გაიმართება. ოთარ კობერიძეს დიდუბის ეკლესიიდან, ხუთშაბათს 12 მარტს, 15.00 საათზე გამოასვენებენ.

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა.

საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორი იყო. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

“ბაში აჩუკი”, “მამლიქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები