ლარის კურსი

ჩაფიძე: სავალუტო ფონდმა არაჩვეულებრივი რეკომენდაციები მოგვცა

ელისო ჩაფიძე
radiotavisupleba.ge

სავალუტო ფონდმა არაჩვეულებრივი რეკომენდაციები მოგვცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა. ჩაფიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთბრალდებები შეწყდეს და მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლობა შეძლონ.

„სავალუტო ფონდმა ჩვენ მოგვცა არაჩვეულებრივი რეკომენდაციები და ვფიქრობ, რომ გონივრულად უნდა გამოვიყენოთ მათი შრომის შედეგი. მათ აღნიშნეს, რომ დიდწილად ვალუტის გაუფასურება იყო დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, თუმცა მთავრობა მუშაობს გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, თუ როგორ დავაღწიოთ აღნიშნულ კრიზისს თავი, რაც გამოწვეულია ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით“, - განაცხადა ჩაფიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია გაიზრდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს მაქსიმუმ 2% იქნება და ეს ციფრიც რისკის ქვეშაა. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა ის რეკომენდაციები წარადგინა, რომელზეც ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობდა. ორი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც სავალუტო ფონდს აქვს, გადასახადების ზრდასა და ხარჯების შემცირებას ეხება. გრიფიტსის თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ორივე ერთდროულად, ან ცალ-ცალკე გამოიყენოს. მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოახდინოს და ეს ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება. 

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მათ მიმართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა, რომელშიც კორუფციაში ადანაშაულებდნენ. გრიფიტსმა ბრალდებებს ყალბი უწოდა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კრიზისის დროს კარგად იმუშავა და მას მცოცავი კურსი უნდა შეენარჩუნებინა. გრიფიტსის განმარტებით, ეროვნული ბანკის მისია ფასების სტაბილურობაა, ხოლო ხელისუფლებასა და ბანკს შორის დაპირისპირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ხელს არ უწყობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფიტსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება.

კომენტარები