სამომხმარებლო ბაზარი

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ჯანდაცვის ფასი 6.4%-ით არის გაზრდილი

სვოან პარკერი / REUTERS

საქსტატის მონაცემების მიხედვით, პროდუქტების ჯგუფებიდან ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე დაფიქსირდა. ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი. ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 4.4%-ით, სამედიცინო აპარატურასა და მოწყობილობებზე - 11.1%-ით პროცენტით, ხოლო საავადმყოფოს მომსახურების ღირებულება - 5.2%-ით. 

მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ჯანდაცვის ღირებულების ზრდამ 0.67%-იანი გავლენა იქონია.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების 1.9%-იანი მატება დაფიქსირდა. ამ ჯგუფში ზრდა ყველაზე მეტად ხილისა და ყურძნის ფასებს შეეხო, რომელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ჯგუფზე ფასები წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდილი. ამასთან ერთად, ფასები 6.1%-ით შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულებას, ამ ჯგუფში თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 8.1%-ით არის გაზრდილი. თამბაქოს ნაწარმის ღირებულება 10.6%-ით არის გაზრდილი. 

ზოგიერთ ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც შეინიშნება. წინა წელთან შედარებით ტრანსპორტის ქვეჯგუფში ფასები 7.8%-ით არის შემცირებული. ამ ჯგუფში ფასების შემცირება ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის ცნობით, ფასები 5.4%-ით შემცირებულია ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ფასების შემცირება 0.4%-ით აისახა კავშიგაბმულობის ჯგუფზეც.

იმის მიუხედავად, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულება ლარის გაცვლითი კურსის გაუარესების გამო გაზრდილია, ეს ზრდა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ჯერ სრულად არ ასახულა, რაც რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. მნიშვნელოვან მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ მრავალმა კომპანიამ, რომელიც სამომხმარებლოს ბაზარზე მოღვაწეობს, ფასების ზრდისგან თავი შეიკავა და საკუთარი მოგების მარჟა შეამცირა. 

კომენტარები