ელჩობის კანდიდატები

საგარეო უწყებამ NATO-სა და საბერძნეთში ელჩობის კანდიდატები დაასახელა

kvira.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა. უწყების სპიკერის, დავით კერესელიძის თქმით, ორივე კანდიდატი კარიერული დიპლომატია.

ალექსანდრე მაისურაძე 2012 წლიდან დღემდე ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ავსტრიაში და ვენაში განლაგებული ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქრათველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. იოსებ ნანობაშვილი კი 2013 წლიდან საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორია.

NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე ლევან დოლიძეს შეცვლის. მას უფლებამოსილების ვადა იანვარში ამოეწურა. საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტი კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით ბაქრაძე საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრად დაინიშნა.

მთავრობის წარდგინებით ახალი ელჩები პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

 

კომენტარები