ფოკუსი

27 თებერვალი,2015

- დღევანდელი დღე გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენციით დაიწყო, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის გაუფასურება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს დაუკავშირა. ქადაგიძემ გაიხსენა ისიც, თუ როგორ აფრთხილებდა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოსალოდნელ შედეგებზე. მან ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მოლდოვისა და სომხეთის შემთხვევაში მივიღეთ მაგალითი, როდესაც ქვეყანამ საკუთარი რეზერვების მესამედი უშედეგოდ დახარჯეს.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეროვნულ ბანკის ცილისწამების კამპანიაა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდის წარმომდგენლებმა ეროვნული ბანკის კრიტიკა გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდგომ ერთხმად დაიწყეს. ეროვნული ბანკის ქმედებებით უკმაყოფილებას ისინი დღესაც გამოხატავენ.

- რიგგარეშე სესია რომელიც ხვალ გაიმართება, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით დაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი სხდომაზე დასწრებას არ გეგმავს, უმცირესობა კი მათ მოუწოდებს, პარლამენტში გამოცხადდნენ და ქვორუმი შედგეს.

- გასული ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო და სასტუმრო მოსახურებაზე 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამის შესახებ კვლევა სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა.
ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურებაზე ყველაზე დიდი დანახარჯი - 2 მილიონი ლარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს, თბილისის მერიამ კი ერთ მილიონზე მეტი ლარი დახარჯა.
ამავე პერიოდში სარესტორნო მომსახურების ყველაზე დიდი დანახარჯი - 750 ათასი ლარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, მთავრობის კანცელარიამ კი 450 ათასი ლარი დახარჯა. ამ ხარჯებში შესულია როგორც ტენდერების, ისე გამარტივებული შესყიდვების გზით მიღებულ მომსახურებაზე გაღებული თანხები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღნიშნავს, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებები სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას უპირატესობას გამარტივებული წესით შესყიდვას ანიჭებდნენ.

- ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მერიაში ის ადამიანები განაგრძობენ მუშაობას, რომლებიც შესარჩევ კონკურსში ჩაიჭრნენ. ამ ფაქტს თბილისის მერიც ადასტურებს, თუმცა ნარმანია ჩაჭრილი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას ცოტა ხანში, მას შემდეგ აპირებს რაც ახალი კონკურსი გამარჯვებულ კანდიდატებს გამოავლენს.

- უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ბოდიში მოიხადა სპეცრაზმის მიერ ეროვნული ბანკის წინ აქციის მონაწილეთა დაშლისას ძალის გადამეტების გამო. მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა პოლიციის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი, ფაქტზე უწყებაში შიდა გამოძიება დაიწყო, რომელსაც ავაკოვის მოადგილეები, მათ შორის ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს.
ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა მიერ დადგმული კარვების დაშლა სცადეს, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებდნენ. ამავე დროს, ავაკოვმა დემონსტრანტებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინება სთხოვა.

- უკრაინელი სამხედროები საომარიტექნიკის გაყვანას განაგრძობენ - კიევში ამბობენ, რომ ფრონტის წინა ხაზზე ის ძალები დარჩებიან, რომელთაც შეტევის მოგერიება შეეძლებათ. პეტრო პოროშენკო მზადაა დონბასში მძიმე სამხედრო შეიარაღება ცეცხლის გახსნისთანავე დააბრუნოს.

კომენტარები