პრემიერმინისტრის ვიზიტი

ღარიბაშვილი: არის მოლოდინი, რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლა მივიღოთ

ტაბულა

ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროსაბჭოსგან, ევროკომისიისგან, ევროკავშირისგან და მათი მოლოდინი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმატების მაგალითი რეგიონში, - ამის შესახებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.

"მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ევოკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მთავარი თემა იყო რიგის სამიტი და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და ამბიცია, რომ საქართველო მართლაც გახდეს წარმატების მაგალითი მთელი რეგიონისთვის. ჩვენი წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღოს და მიეცეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

"არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, წარმატებით დავხურეთ პირველი ფაზა და მალე დავხურავთ მეორე ფაზას.
დღეს ასევე მქონდა შეხვედრა ევროპარლამენტში. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევაფასეთ რისკები და მოვისმინე მათი შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მთავარია ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, კონსოლიდაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინი საქართველოში მოიწვია და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს და საქართველო რიგის სამიტზე გახდეს წარმატების მაგალითი.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს და ის შეუქცევადია.
პრემიერთან საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში.

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მოიწვია.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია და ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საბოლოო მიზანი არ არის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების გაფორმება კიდევ ერთხელ დაგმეს.

საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რეგიონულ უსაფრთხოებას. პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ამძიმებს.

კომენტარები