მაღალი პრემიები

IDFI: 2014 წელს თეა წულუკიანი 70 000 ლარით ყველაზე შემოსავლიანი მინისტრი იყო

IDFI-ის ინფორმაციით, მინისტრებში ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აქვს მიღებული, ხოლო რიგ სამინისტროებში მინისტრის მოადგილეებს მინისტრებზე მაღალი შემოსავალი აქვთ.

ორგანიზაცია მინისტრებისა და მათი მოადგილეების 2014 წლის დეკლარირებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

პრემიერმინისტრის ბრძანებით, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 435 ლარიდან 2710 ლარამდე შეუმცირდათ. შესაბამისად, 2014 წლის იანვრის თვის შემდგომ მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს (3540 ლარი) და სახელფასო დანამატის (2 710 ლარი) სახით ჯამში 6 250 ლარის ოდენობით (ხელზე 5 000 ლარი) განისაზღვრა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და სხვადასხვა სამინისტროს ვებ-გვერდებზე პროაქტიულად განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, IDFI შეეცადა გამოერკვია, თუ რამდენად შესაბამისობაშია მინისტრების 2014 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებასთან, რომლის მიხედვითაც მინისტრის წლიური შემოსავალი განსაზღვრულია 75 000 (ხელზე 60 000) ლარის ოდენობით.

IDFI ხაზს უსვამს, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აისახება წინა წლის მდგომარეობით. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში, მინისტრის შემოსავლები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მინისტრების შემთხვევაში, რომლებსაც 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე წარდგენილი აქვთ ქონებრივი დეკლარაცია.

IDFI-ის ინფორმაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, როგორც 75 000 ლარი მის თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენს და პრემიერმინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 12 500 ლარი იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით.

სულ 81 569 ლარი შეადგინა 2014 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის შრომის ანაზღაურებამ, საიდანაც ყოფილმა მინისტრმა ხელზე 65 255 ლარი აიღო.

როგორც ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ისე განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ანაზღაურებამ 81 250 ლარი იყო, ხელზე კი ორივემ 65 000 ლარი მიიღო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 2014 წლის განმავლობაში 75 000 ლარი(ხელზე 60 000) მიიღეს და პრემია არ მიუღიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის მიერ 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლი 72 856 ლარია(ხელზე 58 285). აქედან 62 231(49 785) ლარი ბერუჩაშილმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო.

„როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამოჩნდა, მინისტრების შრომის ანაზღაურება გარკვეულწილად დარეგულირებულია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროების სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. 2014 წელს სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 139 393 ლარს(ხელზე 111 514), საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს. ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის თითოეულ მოადგილეს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს დაახლოებით 102 000 ლარი(82 176 ხელზე), ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს თითოეულს - 92 000 ლარი(73 664 ხელზე)“ - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

IDFI-ის შეფასებით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს არაერთ სამინისტროში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 559 ლარი, მაშინ, როდესაც მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურება - 139 393 ლარი იყო, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ცინარიძის შემოსავალი კი 2014 წლის განმავლობაში 105 920 ლარს შეადგენდა.

ანალოგიური მდგომარეობაა აგრეთვე ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროებში. სადაც მინისტრებზე მაღალი შემოსავლები მათ მოადგილეებს აქვთ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის პერიოდულობა და მაქსიმალური ზღვარი.

IDFI განცხადებაში წერია, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას და არაფერია ნახსენები სახელფასო დანამატების შესახებ.

„მთელ რიგ საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული დადგენილების გამოცემის შემდგომ პრემიები ჩანაცვლდა სახელფასო დანამატებით და შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავ დასარეგულირებელი დარჩა. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის თითოეულ მოადგილეზე მთავრობის N449 დადგენილების მიღებამდე ყოველთვიურად გაიცემოდა 5 500 ლარის ოდენობის პრემია. ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით დაწესდა შეზღუდვები პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე, ენერგეტიკის სამინისტროში ყოველთვიური პრემიები ჩანაცვლდა იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

IDFI აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. რეფორმამ, გარდა ანაზღაურების სისტემისა, ასევე, კომპლექსურად უნდა მოაწესრიგოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები - კერძოდ, განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია, უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა და ა.შ.

„ვთვლით, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა შეუწყობს ხელს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები