Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International: საქართველოში შერჩევით სამართალზე ბრალდებები ნარჩუნდება

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში ოპოზიციის სამართლებრივ დევნაზე არის საუბარი. ორგანიზაციის მოსაზრებით, შერჩევითი სამართლის გამოყენების ბრალდებები იმ ადამიანების სამართლებრივი დევნის დროს, რომლებიც ასოცირებული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, კვლავ ნარჩუნდება.

"13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

9 დეკემბერს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებზე იყო ფოკუსირებული, გამოააშკარავა ის პრობლემები, რაც უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მათ შორის, მხარეებს შორის თანასწორობასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენეს 4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს, რაც მან პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.

მაღალჩინოსნებს ბრალი დასდეს 4.1 მილიონი დოლარის გაფლანგვისთვის. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მათ ტენდერი გააყალბეს.

ამას მოჰყვა რამდენიმე მინისტრის გადადგომა, რამაც გამოიწვია საპარლამენტო კოალიციის დაშლა", - წერია ანგარიშში.

კომენტარები