კრიზისი უკრაინაში

კამერონი: უკრაინაში მარტის თვეში 75 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩავა

REUTERS

უკრაინაში მარტის თვეში 75 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩავა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანელი სამხედრო მრჩევლები უკრაინელ სამხედროებს დაეხმარებიან ქვეითი ჯარის, მზვერავების, ზურგის და სამედიცინო ქვედანაყოფების მომზადებაში. კამერონმა სამომავლოდ უკრაინისთვის არც იარაღის მიწოდება გამორიცხა, თუმცა ჯერჯერობით, მისი თქმით, საუბარი მხოლოდ არალეტალურ საშუალებებზეა. მან აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვს დამატებითი სანქციები დაეკისრება.

კიევი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს ამ ქვეყანასთან თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაზე რამდენიმე კონტრაქტი გაფორმდა. თუმცა, შეიარაღების სახეს და ოდენობას უკრაინული მხარე არ ასახელებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კი განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მსჯელობა ისევ მიმდინარეობს.

ნორმანდიის ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთმა უარი თქვა დებალცევოში სეპარატისტების შეტევის დაგმობაზე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მან უკრაინელ, რუს და გერმანელ კოლეგებთან ერთად მინსკის შეთანხმების რეალიზაციაზე იმსჯელა, განსაკუთრებული ყურადღება მარიუპოლთან შექმნილ ვითარებას დაეთმო. მხარეებმა გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას და ეუთოს მისიის საქმიანობას დაუჭირეს მხარი.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, სეპარატისტები კვლავაც აქტიურობენ ქალაქ მარიუპოლთან, უკრაინულ პოზიციებს სოფელ შიროკინოსთან ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. სხვა მიმართულებით დაბომბვების ინტენსიურობამ შედარებით იკლო. 

კომენტარები