თბილისის მერია

მარტიდან, მარგიშვილი ვიცემერი აღარ იქნება და სხვა თანამდებობას დაიკავებს

facebook.com/alexandermargishvili

ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობას მარტის თვის პირველ ნახევარში დატოვებს და თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს უხელმძღვანელებს. ცენტრის შექმნის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას მერის მოადგილეების გადადგომის შესახებ და ამ ამ საკითხზე მერია დაახლოებით სამი კვირაა მუშაობს. 

"2015 წლის მარტის პირველ ნახევარში შეიქმნება ცენტრი, რომელსაც ჩემი დავალებით უხელმძღვანელებს ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი. მას შემდეგ, რაც ცენტრი შეიქმნება ოფიციალურად და მარგიშვილი გახდება ხელმძღვანელი, ის ვიცემერის მოვალეობას აღარ შეასრულებს", - განაცხადა ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მარგიშვილიც და გიორგი ხელაიაც, რომელთა გადადგომის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია.

რაც შეეხება ცენტრს, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ის მეწარმეებს გაუწევს დახმარებას და იმუშავებს იმაზე, რომ ინვესტორების საქმიანობა წაახალისოს, დაეხმაროს მათ კაპიტალდაბანდების განხორციელებაში და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში.

კომენტარები