კრიზისი უკრაინაში

ხარკოვის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი სამამდე დაიზარდა

ხარკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. აფეთქების შედეგად კომაში ჩავარდნილი 15 წლის მოზარდი დღეს სავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ 10 ადამიანი დაშავებულია. აფეთქება ხარკოვში, მაიდნის წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობის დროს მოხდა. პროკურატურის ცნობით, ტერორისტებმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი გამოიყენეს, რომელიც დისტანციურად ააფეთქეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ტერაქტის შემსრულებლებმა ინსტრუქციები და იარაღი რუსეთიდან მიღეს. ოთხი ეჭვმიტანილი დაკავებულია. უწყების განცხადებით, მსგავსი ტერაქტი ოდესაშიც იგეგმებოდა, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა. 

უკრაინა გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სეპარატისტები ცეცხლს ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეწყვეტენ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით შეიარაღების გაყვანაზე საუბარი ნაადრევია. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მძიმე შეიარაღების გაყვანა გამყოფი ხაზიდან ხვალიდან დაიწყება. ამ პროცესის დაწყება გუშინდელი დღიდან იყო დაგეგმილი. დღე-ღამის განმავლობაში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 10 დაშავდა. 

კომენტარები