თბილისის მერიის ავტოპარკი

ქართუ ბანკის სადაზღვევო კომპანია თბილისის მერიის ავტოპარკს დააზღვევს

კომპანია ქართუ თბილისის მერიის ავტოპარკს დააზღვევს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 110 671 ლარია. აღნიშნულ ტენდერში კომპანიამ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გაიმარჯვა.

სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტს ბანკი ქართუ ფლობს, დაახლოებით 18%-ს კი კომპანია რინგოლდ ფინანას ლიმიტედი, რომელიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2014 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 6 საათზე გამოცხადდა და წინადადებების მიღება 9 იანვარს დასრულდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი არჩილ მამაცაშვილია. არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის დამფუძნებელი, არჩილ ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და უჩა მამაცაშვილის ძმაა. მისი აზრით, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე ტენდერის გამოცხადება და ამ ტენდერში ქართუ ბანკის კომპანიის გამარჯვება, რომელსაც მამაცაშვილი ხელმძღვანელობს, მერიაში კორუფციაზე მიუთითებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სადაზღვეო კომპანია ქართუ 2001 წლის 13 სექტემბერსაა დარეგისტრირებული. არჩილ ხაბეიშვილი ტაბულასთან აღნიშნავს, რომ ამ კომპანიას 2012 წლამდე ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია, ბოლო ორი წელია კი სხვადასხვა საჯარო უწყებას ემსახურება, მათ შორის განათლების, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ფინანსთა სამინისტროებსა და ამ სამინისტროებთან არსებულ სსიპებს.

კომენტარები