პრეზიდენტი: ვფიქრობ, უკრაინა და ჩვენ შევძლებთ, უხერხულობები არ გაღვივდეს

ტაბულა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, "ჩემთვის მთავარი და ამოსავალია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც".

"ჩემთვის მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა, იმასაც ვაფიქსირებ, რომ გარკვეული უხერხულობა შესაძლოა, ამ ვითარებამ დააყენოს. უკრაინის მთავრობას აქვს საკუთარი ხალხისგან მანდატი, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან. ქართველი ხალხისგანაც ჩვენ ეს მანდატი გვაქვს, უკრაინელი ხალხის მიმართ დიდი სიყვარული და მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტს, პრეზიდენტის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი სერიოზულად განიხილება.

"ძალიან სერიოზულად განვიხილავთ უკრაინაში ვიზიტს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ახლო მეგობარ ქვეყანას მუდმივად სჭირდება საქართველოს გვერდში დგომა და ყველა შემთხვევაში, როცა გვეძლევა ამის შესაძლებლობა, აღნიშნულს ვაფიქსირებთ. ვიზიტის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამაზე ვმუშაობთ", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები