უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ჯაფარიძე: გვენეტაძე ღარიბაშვილისგან მართულმა არასამთავრობომ წარადგინა

tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე გაცხადებულ საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, გვენეტაძე აფილირებულია რესპუბლიკურ პარტიასთან, ასევე ის მუშაობდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოში, სადაც კორუფცია ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო. გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, გვენეტაძე "ღარიბაშვილის მიერ მართულმა" არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა, ასევე გვენეტაძე ე.წ. პოლიტპატიმრების სიის ერთ-ერთი შემდგენი იყო.

"ქალბატონი გვენეტაძე ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც იქნა გაცხადებული. კერძოდ, ის ცალსახად წლების განმავლობაში იყო აფილირებული ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, კერძოდ, რესპუბლიკურ პარტიასთან. გარდა ამისა, ის წარმოადგენდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოს, რომელშიც კორუფცია იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. თუმცა, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ჩვენთვის არის საყურადღებო. ერთი - ვის მიერ იქნა ამ ადამიანის წარდგენა კანდიდატურად და ის არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული. მეორე - რაც მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი იყო იმ კომიტეტის წევრი, რომელმაც შეადგინა ე.წ. პოლიტპატიმრების სია და საქმეების განხილვის გარეშე ციხიდან გამოუშვა ჯაშუშები და მოძალადეობრივი ჯგუფები", - თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები