ინტელექტუალმა, რომლის ბადალიც, როგორც აწ უკვე პრობლემად ქცეული "ცოლის ნათესავი", თამაზ თამაზაშვილი ამბობს, ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ გვყოლია, როგორც იქნა აღიარა, რომ ლარის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაში გაჩენილი პრობლემების ბრალია. კვირის პალიტრასთან ინტერვიუში მილიარდერმა დიდის ამბით გაგვიმხილა ის, რაზეც ჩვენ, ივანიშვილი ოპონენტები უკვე დიდი ხანია ვღელავთ - თურმე ნუ იტყვით ტურიზმი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები შემცირებულა. თუმცა ქვეყნის დეფაქტო მმართველი ქართული ეკონომიკის დასუსტებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას გაურბის, ამტკიცებს რომ მისი მორჩილი მთავრობა კარგად მუშაობს და ქვეყნის ეკონომიკის დაუძლურებას უცხო ქვეყნებში შექმნილ ვითარებას აბრალებს.
ნიცშეს რისხვამ ისიც აღიარა, რომ სავიზო რეგულაციების გამკაცრება გაუაზრებლად მოხდა და ლარის გაუფასურებას ამანაც შეუწყო ხელი, რითიც ირიბად დაადასტურა, რომ მართლები ვიყავით, როცა მრავალი თვის წინ ვაფრთხილბდით ამ ნაბიჯის მავნებლობის შესახებ. თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაშიც გაექცა, ვითომ წულუკიანი არცა ყოფილა - საგარეო უწყებას დააბრალა, რომლის ხელმძღვანელიც სავიზო რეგულაციების გამკაცრებისას მისთვის აწ უკვე საძულველი მაია ფანჯიკიძე იყო.
რასაკვირველია კვირის პალიტრას არ დაუსვამს ივანიშვილისთვის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ იმას, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ემბარგოს, რუსეთში მცხოვრებ ქართველთა მასობრივი დეპორტაციის, რუსეთ საქართველოს ომის, ქვეყნის შიგნით მუდმივი საპროტესტო გამოსვლების და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა და უფრო მყარი ეროვნული ვალუტა გვქონოდა ვიდრე დღეს გვაქვს.
ივანიშვილი ტრაბახობს, რომ ის მზადაა ეკონომიკაზე პოლემიკაში ნებისმიერს გაუმკლავდეს. ფიცი რომც დავიჯეროთ, მისი ბოლო მაინც გაგვაკვირვებს - უკვე რა ხანია ტაბულა ივანიშვილთან ინტერვიუს მოპოვებას ცდილობს და ვერაფრით დაითანხმა.
სტუმარი: ზურაბ ჯაფარიძე.




