კორუფცია მერიაში

ნარმანია: საკადრო საკითხებზე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გამორიცხულია, რომ მერიის სხვა თანამშრომლები კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩაბმულები. ნარმანიამ ბიძინა ივანიშვილის კვირის პალიტრასთან ინტერვიუ შეაფასა. 

"მასობრივი ხასიათი ამას არ ექნება, თუ სადმე რაიმე გამონაკლისები იარსებებს, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური რეაგირება აუცილებლად იქნება. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, მე შეიძლება პრეტენზიები მქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც არაჯეროვნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს ან არ მუშაობენ სწრაფად და ეფექტიანად. ასე რომ, როცა იქნება ასეთი საკითხები, ამგვარ საკითხებთან მიმართებით მე ყოველთვის მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდოკიას დაკავებაზე აცხადებს, რომ "სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს". როგორც მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აღნიშნა, "საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება". მისი თქმით, "არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხია პრობლემური".

"საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, "ხომ არ გვაქვს საქმე უკვე ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემასთან", ივანიშვილი პასუხობს, რომ "დიახ, საზოგადოებას ეს აშფოთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მთავრობაში ასეთი რამ არ ხდება, ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი ეჭვი არ მეპარება"

თბილისის მერიის ზედამხედველობის აპარატის სამსახურის უფროსი ჯოკა ბოდოკია რამდენიმე დღის წინ, ქრთამის (180 000 აშშ დოლარი) აღების ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები