სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

ბოკერია: ხელისუფლება პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს

გიგა ბოკერია
ტაბულა

საქართველოში უკრაინის ელჩის ვასილი ციბენკოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაბარებას "არაკომპეტენტურ და საზიანო ნაბიჯს" უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია. მისი თქმით, "ივანიშვილი და მისი გუნდი საკუთარ პირად, აბსოლუტურად არარაციონალურ ბოღმას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ".

"კიდევ ერთი ღრმად არაკომპეტენტური და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი და უკრაინის ურთიერთობებისთვის საზიანო ნაბიჯი ამ ხელისუფლების. ეს ადამიანები, ივანიშვილი პირველ რიგში და მისი გუნდი, საკუთარ პირად, აბსოლუტურად არარაციონალურ ბოღმას აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა ყველა საკითხში და ამ საკითხში განსაკუთრებით. იმის ნაცვლად, რომ ეცადონ, გამოასწორონ თავისივე შექმნილი სერიოზული პრობლემა, როცა ორწელიწად-ნახევარია არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ვიზიტი არ ყოფილა პრემიერმინისტრის ორმხრივი ამ ქვეყანაში; როცა განცხადებები გააკეთეს უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო საერთაშორისო ასპარეზზე, მაგალითად, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებას ვგულისხმობ, ახლა კიდევ ამ ნაბიჯს ამატებენ, რათა ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მძიმე ფაზაში შეიყვანონ. ეს ძალიან სამწუხარო და საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა ბოკერიამ.

უკრაინის ელჩის საქართველოში ვასილი ციბენკოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაბარება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას უკავშირდება. 

კომენტარები