ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდოკიას დაკავებაზე აცხადებს, რომ "სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს". როგორც მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აღნიშნა, "საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება". მისი თქმით, "არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხია პრობლემური".
"საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, "ხომ არ გვაქვს საქმე უკვე ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემასთან", ივანიშვილი პასუხობს, რომ "დიახ, საზოგადოებას ეს აშფოთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მთავრობაში ასეთი რამ არ ხდება, ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი ეჭვი არ მეპარება"
ცნობისთვის, თბილისის მერიის ზედამხედველობის აპარატის სამსახურის უფროსი ჯოკა ბოდოკია რამდენიმე დღის წინ, ქრთამის (180 000 აშშ დოლარი) აღების ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.





