გოგლა ჟვანია: გარდაცვალების სცენა ინსცენირებულია

გოგლა ჟვანია
ტაბულა/თეორემა

ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ინსცენირებული იყო და მათი ცხედრები უკვე გარდაცვალების შემდეგ მიიტანეს ბინაში, სადაც, ოფიციალური ვერსიით, ისინი ნახშირორჟანგით მოწამლვით დაღუპნენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

გოგლა ჟვანიას თქმით, გაზის გამათბობელს, რომელიც, ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი გახდა, სინამდვილეში არასოდეს უმუშავია და ბინაში საგანგებოდ გარდაცვალების სცენის ინსცენირებისთვის იყო დამონტაჟებული. ჟვანიას მტკიცებით, ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ კედელი, სადაც გაზი იყო დამონტაჟებული, „2-3 დღის გალესილი იყო", ასევე თბილგაზის ქვითრები. „ეს არის სრულიად ახალი გამათბობელი, რომელიც იქ მიიტანეს ინსცენირებისთვის. FBI-ს ექსპერიმენტამდე მას არასდროს უმუშავია", - განაცხადა ჟვანიამ.

გოგლა ჟვანიას თქმით, FBI-ს ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ჩართულ გამათბობელს სიკვდილის გამოწვევა არ შეეძლო. თავად FBI-ს დასკვნა კი, რომელმაც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ადასტურეს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.

"ის ხალხი (ჟვანია და უსუპოვი) იქ საერთოდ არ ყოფილა. ცხედრები არის მიტანილი, ამის მოწმეები არსებობენ", - აღნიშნა ჟვანიამ. მისი თქმით, ამის "ნაწილობრივ აღიარება" ჟვანიას დაცვის წევრებსაც მოუხდათ.

კომენტარები