საჯარო მოხელეთა ტესტირება

ISFED: საჯარო მოხელეების აყვანისას პოლიტიკური ნიშნით მიდგომები გვხვდებოდა

არაერთ თვითმმართველ ერთეულში საჯარო მოხელეთა გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარ მიდგომას, - ამის შესახებ ISFED-ის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების მონიტორინგის შუალედურ შეფასებაშია ნათქვამი.

ISFED-ის შეფასებაში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ზოგიერთ ერთეულში სრულად ან საერთოდ ვერ დააკვირდა გასაუბრებებს.

„58 მუნიციპალიტეტიდან 14 თვითმმართველ ერთეულში „სამართლიანი არჩევნები“ სრულად ან საერთოდ ვერ დააკვრიდა გასაუბრებებს. გასაუბრების ეტაპზე 5 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მოგვცა პროცესზე დაკვირვების საშუალება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. 9 თვითმმართველმა ერთეულმა კი უარი განაცხადა მიმდინარე თუ დაგეგმილ გასაუბრებების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობის მიცემაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა არც ერთ თვითმმართველ ერთეულში არ მოგვეცა. ამასთან, გასაუბრების ეტაპის დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვასთან ერთად, ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მიგვაჩნია, რომ კომისიების მიერ დასახელებული მიზეზები, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“, - ნათქვამია შეფასებებში.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების ინფორმაციით, გასაუბრების მსვლელობისას ახმეტის, ცაგერის, ხულოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში კომისიის წევრებმა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით შერჩევითი მიდგომა გამოავლინეს.

„დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც მოგვეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 8 თვითმმართველ ერთეულში, გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარ მიდგომას. ანგარიშში მოხვდა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის რამოდენიმე ფაქტიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, აჭარა-გურიის 6 მუნიციპალიტეტში, იქ სადაც ორგანიზაციას მიეცა კადრების შერჩევის პროცესის შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა, გამოვლინდა, რომ ძირითადად კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და კადრების შერჩევა განხორციელდა ობიექტურად.

„თუმცა, ვთვლით, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 26 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ორგანიზაციამ შეაფასა, თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიის გადაწყვეტილებები იმ კონკურსანტების მიმართ, რომელთაც გამოთქვეს პრეტენზიები და კომისია არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. ჩვენი დაკვირვების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 5 შემთხვევიდან, კომისიამ ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებულები 3 პოზიციაზე, ხოლო 2 შემთხვევაში, ვთვლით, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები