თბილისის მერია

თბილისის მერია: ბოდოკიას საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს

amerikiskhma.com

თბილისის მერია, უწყების ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.

ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს", - აცხადებს თბილისის მერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

ჯოკია ბოდოკია, შევარდნაძის მთავრობის დროს, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბოდოკია თბილისის მერის, დავით ნარმანიას თანასოფლელი იყო.

კომენტარები