უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

მიროტაძე: სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე ქუცნაშვილს მხარს ვერ დავუჭერ

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილს მხარს ვერ დავუჭერ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.

მიროტაძის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტიკისგან შორს მდგომი, სამართლიანი, პრინციპული ადამიანის არჩევა. მისი თქმით, ქუცნაშვილი ძალიან კარგი პოლიტიკოსია, თუმცა მისი დანიშვნა მითქმა-მოთქმას გამოიწვევს. 

"მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომ პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაშია და დღეს ზაქარია ქუცნაშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი და ვფიქრობ, რომ მას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი პოლიტიკაში. და მე, თუ იქნება შემოთავაზებული და ზუსტად და მხოლოდ ამ ნიშნით, მის კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერ. ეს აუცილებლად გახდება პოლიტიკური სპეკულაციების, მითქმა-მოთქმის, გარკვეული დადანაშაულების საფუძველი ჩვენი პოლიტიკური გუნდის, რომ საქმე გვქონდა რაღაც გათამაშებულ სცენართან", - განაცხადა მიროტაძემ. 

მიროტაძის თქმით, უმრავლესობაში ქუცნაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.

"შესაბამისად, კანდიდატთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ასეც ვთქვით ჩვენ - დაველოდებოდით პრეზიდენტსა და მის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურას. ჩვენ შევთანხმდით როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ არ შევთანხმებულვართ არცერთ გვარზე", - განაცხადა მიროტაძემ. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა 11-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ წარადგინა.

კომენტარები