კრიზისი უკრაინაში

პრორუსულმა ძალებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს

Gleb Garanich / Reuters

პრორუსმა ტერორისტებმა ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რომელშიც ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი მდებარეობს. თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქი ტორნადოს ტიპის რუსული დანადგარიდან დაიბომბა. თუმცა, მოგვიანებით გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ქალაქის წინააღმდეგ სმერჩის ტიპის დანადგარი გამოიყენეს. მისი ჭურვების წონა 800 კილოგრამია. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის 6 ადამიანი დაიღუპა. ქალაქში დიდი რაოდენობით აუფეთქებელი ჭურვები დარჩა.

"რეაქტიული ცეცხლის სისტემა ტორნადოს გამოყენებით ქალაქი კრამატორსკი დაიბომბა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის მთავარი შტაბი მდებარეობს. ჭურვები ასევე მოხვდა კრამატორსკის საცხოვრებელ უბნებს. ეს ქალაქი ზურგშია, ვინც კრამატორსკში მსახურობს, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილის სტატუსიც არ ეკუთვნის. მაქვს ინფორმაცია დაჭრილი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების შესახებ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

დღეს დილიდან უკრაინული ძალები შეტევაზე გადავიდნენ ქალაქ მარიუპოლთან. უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, მოხალისეთა ბატილიონმა აზოვმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. კიევი აცხადებს, რომ შეტევის მიზანი მარიუპოლის დაბომბვებისგან დაცვა და მინსკის შეთანხმებით განსაზღვრული გამყოფი ხაზის აღდგენაა.

ბრძოლები გრძელდება დებალცევოს გარშემოც. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები სეპარატისტების წინააღმდეგ კონტრშეტევას ახორციელებენ და დებალცევოსა და არტემოვსკის შემაერთებელი გზა გახსნეს, რომელიც მანამდე პრორუსმა სეპარატისტებმა გადაკეტეს. ტერორისტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

კომენტარები