ერთიანი ეროვნული გამოცდები

ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებელი თავად წყვეტს, რომელი იქნება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომ აბიტურიენტი კონკრეტულ ფაკულტეტზე და მიმართულებაზე ჩაირიცხოს.

მიმინოშვილის ინფორმაციით, 1 227 საკონკურსო ადგილზე უმაღლესმა სასწავლებლებმა სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგნად გამოაცხადეს. მისივე განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებობა აქვთ, კონკრეტულ ფაკულტეტსა თუ პროგრამაზე აბიტურიენტის ჩასარიცხად არა ერთი, არამედ რამდენიმე საგამოცდო საგანი გამოაცხადონ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას აბიტურიენტი იღებს.

დღეისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ - ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა, ხოლო არჩევითი საგნების რაოდენობა აქამდე რვას შეადგენდა. არჩევითი საგნების ჩამონათვალი ასეთი იყო: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება. წელს კი, არჩევით საგნებს მეცხრე - სამოქალაქო განათლება დაემატა.

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება გეოგრაფიის გამოცდას, კერძოდ, ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო, 3 საათის ნაცვლად, 2.5 საათი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა კი, 70-ის ნაცვლად, 60 ქულა. ამასთან, ისტორიის ტესტი 80-ის ნაცვლად 70-ქულიანი იქნება, არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება. მაია მიმინოშვილის განცხადებით, პროცესში მონაწილეობს 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი და გამოცხადებულია 44 635 საკონკურსო ადგილი.

კომენტარები