მაგთი

მაგთი: მომსახურების პაკეტები ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გაუქმდა

მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი "მაგთიკომი" მომსახურების პაკეტების გაუქმებას 2014-2015 წლების სატენდერო ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ხსნის. კომპანიის განმარტებით, პაკეტები მხოლოდ კორპორატიულ აბონენტებს გაუუქმდათ. "მაგთიკომის" წარმომადგენლის თათული ღვინიაშვილის თქმით, მომსახურების პაკეტების პირობები ყველა მომხმარებლისთვის(ორგანიზაციისთვის) წინასწარ იყო ცნობილი, ხოლო თავად აბონენტებს ორგანიზაციების საშუალებით უნდა სცოდნოდათ.

"2015 წლის 31 იანვარს, 2014-2015 წლების სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა ამოიწურა, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მომსახურება გაუქმდა.

2014-2015 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებით აბონენტები სარგებლობდნენ როგორც კორპორაციული, ასევე პირადი ანგარიშებიდან, ამიტომ ორივე შემთხვევაში გაუქმდა შეძენილი პაკეტები.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა გათვალისწინებული იყო როგორც ხელშეკრულების პირობებით, ასევე ზოგადად, სატენდერო დოკუმენტაციით, რომელიც მომხმარებლებისთვის(ორგანიზაციებისთვის) ცნობილი იყო.

წინასწარი გადახდის პრინციპი გულისხმობს, რომ აბონენტი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის მომსახურება სურს მიიღოს. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტით გაუქმდა სააბონენტო ნომერზე არსებული ერთეულები",- წერია "მაგთიკომის" განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ამბობენ იმასაც, რომ უფრო ადრე, 2013 წელს ნაყიდი პაკეტიც გაუუქმდათ, რაზეც თათული ღვინიაშვილი პასუხობს - "კორპორაციულ ნომრებს რაც ეხება, რაც ჰქონდათ ნაყიდი გიგაბაიტები, რომ დასრულდა ხელშეკრულება და დაიწყო ახალი პირველი თებერვლიდან, განვლილი წლების რაც იყო, ისინი გაუქმდა".

კომენტარები