ე.წ კორტების საქმე

სდლ: პოლიციელთა დაკავებით სახელმწიფო საკუთარი უსუსურობის დაფარვას ცდილობს

სამართალდამცავთა დაცვის ლიგა
სდლ

სამართალდამცავთა დაცვის ლიგა ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ 5 პირის, სავარაუდოდ, დაკავებას "სახელმწიფოს მხრიდან პოლიციელთა რეპრესიებს" უწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობას "იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული მკვლელობით გამოწვეული, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების ჩაცხრობა და გადაფარვა სურს". 

"დღეს დააკავეს პოლიციის ღირსეული ოფიცრები. სახელმწიფოს, პოლიციელთა რეპრესიებით, ბატონი იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული მკვლელობით გამოწვეული, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების ჩაცხრობა და გადაფარვა სურს. პოლიციელთა დაპატიმრებებით სახელმწიფო საკუთარი უსუსურობის დაფარვას ცდილობს. პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე, მთლიანად პოლიტიკურ საქმედ გადააქცია. სახელმწიფოსა და პროკურატურის უმაღლესმა მოხელეებმა, "კორტების" სპეცოპერაცია „მკვლელობად" გამოაცხადეს, როცა გამოძიებაში პროკურატურა, მკვლელობის ვერსიას არც კი განიხილავს. პროკურატურას, პოლიტიკოსებმა წინმსწრებად გამოუცხადეს სამუშაო ვერსია, დაუდგინეს პოლიციელთა დაპატიმრებების ვადები, რომლებიც დამნაშავეთა სამყაროშიც და პროკურატურისთვისაც სიმბოლურია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პროკურატურას დასაპატიმრებელ პოლიციელთა სახელები და გვარებიც დაუსახელეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა დეპუტატმა, სოციალურ ქსელში სინანულიც კი გამოხატა, საქართველოში მკვლელობით დასჯის გაუქმების გამო.

ზეწოლით, დაშინებითა და მუქარით, ხელოვნურად შეკოწიწებული „მტკიცებულებებით", პროკურატურა ცდილობს „გახსნას" „კორტების" სპეცოპერაციის საქმე და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. სახელმწიფომ, პოლიციელთა დაპატიმრებებით მიიღო პოლიტიკური პატიმრები, რომელთა რეპრესიებიც პოლიტიკოსთა მხრიდან, ადრევე იყო დაანონსებული. სასამართლო პროცესზე ფარდა აეხდება იმ ფარსს, რომელიც პროკურატურამ დადგა. სახელმწიფომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა ამ პოლიტიკური დაპატიმრებებით, რასაც სამართლიანობასთან და სამართალწარმოებასთან საერთო არაფერი აქვს. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ, უკვე პოლიტიკურ საქმეზე დაპატიმრებულ პოლიციელთა წინააღმდეგ, დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან, რათა სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და არ გასცდეს სამართლებლივ სივრცეს!", - წერია განცხადებაში.

დღეს დილით სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელი და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კიდევ შსს-ს, სავარაუდოდ, 5 ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით, უწყება კომენტარს არ აკეთებს, დაკავებული არიან თუ არა ეს პირები. მათ ამ წუთებში პროკურატურაში კითხავენ.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა ვარაუდობდა, რომ მას დააკავებდნენ. ის ამბობდა, რომ პოლიტიკური ზეწოლის ფონზე პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებდა.

კომენტარები