ე.წ კორტების საქმე

ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს

თეორემა/ტაბულა

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. თუმცა, საგამოძიებო უწყება მის დაკავებას არ ადასტურებს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურაში იმყოფებიან შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანიც. ირაკლი ფირცხალავამ რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის და კობა ნაკანი პროკურატურის თანამშრომლებს უწყებაში გადაჰყავდათ.

"მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყვეთ და მივყვებით. როგორც ვიცი, კობა ნაკანიც გადაიყვანეს ან გადაყავთ," - განუცხადა რუსთავი 2-ს ირაკლი ფირცხალავამ.

მთავარი პროკურატურა კი, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებლის ლევან ბეროძისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურის კობა ნაკანის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ დაკითხავენ, რის შემდეგაც პროკურატურა განცხადებას გააკეთებს.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა ფიქრობდა, რომ მას დააკავებდნენ. ამის შესახებ ფირცხალავამ გადაცემა არჩევანში თქვა. ფირცხალავას განცხადებითვე, პოლიტიკური ზეწოლის ფონზე პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებს. 

"ხორციელდება ზეწოლა. ამ წნეხის პირობებში კი მეც და ჩემი მეგობრებიც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად დაგვაკავებენ. თუმცა, გაქცევას და დამალვას არ ვაპირებთ. არც მოწმეებზე ზეწოლას არ ვახდენთ," - თქვა ფირცხალავამ. 

კომენტარები