ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

ნაციონალურ მოძრაობას გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

"ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და მიცემულ იქნას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. სახეზე არის უმძიმესი დანაშაული, სადაც როგორც მერიის მაღალჩინოსნები, ასევე შსს მაღალჩინოსნები არიან გარეული. ამ დანაშაულებრივ პროცესს თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა შსს სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაჩი ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მის დირექტივებს საკრებულოს შენობაში ასრულებდა არჩილ ბებიაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე", - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ცენტრმა მედიატორმა და სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა მერიის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, რომელზეც მერიის ზედამხვედველობის თანამშრომლის კახაბერ ბუსკივაძის გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტია ასახული. ბუსკივაძეს მერიაში ტესტირება ჩაბარებული ჰქონდა და ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჰქონდა დარჩენილი. კახაბერ ბუსკივაძე გასაუბრებას იღებდა, რაც შენიშნეს და რის გამოც, არასამთავრობოების ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, სხვა პირებთან ერთად ძალისმიერი მეთოდებით ბუსკივაძეს ჩამოართვეს ტელეფონი, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და 3 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი საკრებულოს შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოთახში. არასამთავრობოებმა მერიის ყოფილ თანამშრომლებთან და კახაბერ ბუსკივაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათივე ცნობით, გასაუბრებას სუს-ის თანამშრომელი ესწრებოდა.

ბუსკივაძეზე ზეწოლაზე საუბრობს ადვოკატი გოგა ონიანი. ონიანის თქმით, კახა ბუსკივაძეზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გეგი ნიჟარაძე, გასაუბრებამდე ახდენდა ზეწოლას, რომ ის თანამდებობრივად დაექვეითებინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან გასაუბრების ფარულად ჩაწერა, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში თავი დაეცვა.

გამოძიების დასრულებამდე გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ არასამტავრობო ორგანიზაციებიც.

კომენტარები