ლარის კურსი

ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს

ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში, შემოსავლები კი ლარში. ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის მექანიზმების ყველა ინსტრუმენტს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ამავე დროს, მინდა მოგახსენოთ, როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები და განხილვები მთავრობასთან და ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, მომდევნო თვეებში იქნება ან დაბალანსებული, ან უკეთეს შემთხვევაში პროფიციტული.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში და იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ უკვე გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა ანუ ახალი გეგმის გაკეთება, იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, დაბალანსებული ბიუჯეტის დროს მთავრობა ხარჯავს ზუსტად იმდენივეს, რამდენიც მას აქვს შემოსავალი, ხოლო პროფიციტური ბიუჯეტის დროს ბიუჯეტის შემოსავლები უფრო მეტია, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯები. დაბალანსებული ან პროფიციტული ბიუჯეტის არსებობა ეროვნულ ვალუტაზე დადებით გავლენას მოახდენს, რადგანაც ამ დროს მთავრობის მიერ ხარჯვის გაზრდა არ მოხდება. ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯვა იყო. 2014 წლის დეკემბერში მთავრობამ ბიუჯეტის შესასრულებლად აითვისა 1,25 მილიარდი ლარი, ბაზარზე ჭარბი რაოდენობით ფულის მიწოდებამ კი ლარის გაუფასურება გამოწვია.

კომენტარები