კამათი კომიტეტის სხდომაზე

ქუცნაშვილმა ვახტანგ ხმალაძე დეპუტატების სურვილის იგნორირებაში დაადანაშაულა

ზაქარია ქუცნაშვილი
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ასევე უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე დეპუტატების სურვილის იგნორირებაში დაადანაშაულა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კამათი ვაზაგაშვილების საქმეზე მთავარი პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევის მოთხოვნებს მოჰყვა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სიტყვა ითხოვა და დახურული სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვინაიდან ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, გამოძიებამ დეპუტატების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. მისივე განცხადებით, სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე უნდა აღიძრას, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების გაჭიანურების მიზეზებს შეისწავლის.

ვახტანგ ხმალაძემ დეპუტატს განუმარტა, რომ კანონმდებლობისა და რეგლამენტის მიხედვით, მთავარი პროკურორი იურიდიული კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. ხმალაძის თქმით, მან მთავარ პროკურორს იურიდიული კომიტეტის დეპუტატების შეკითხვები გადასცა და მიიღო პასუხი, რომ მთავარი პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას უახლოეს 10 დღეში დაასრულებს.

ზაქარია ქუცნაშვილმა ხმალაძე დეპუტატების სურვილის იგნორირებაში დაადანაშულა და იურიდიული კომიტეტის წინა სხდომა გაიხსენა, რომელზეც მან შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა მოითხოვა. ვახტანგ ხმალაძე ზაქარია ქუცნაშვილს არ დაეთანხმა და კომიტეტის წინა სხდომის სტენოგრამული ჩანაწერის ამოღება მოითხოვა.

კომენტარები