საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სავალუტო რეზერვებით შესაძლებელია ექსპორტის ან ტურიზმის შემოსავლების კლების ჩანაცვლება. ქადაგიძის თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად სამი თვის იმპორტის მოცულობას აღემატება.
გასული წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე $80 მილიონი გაიტანა. დღეის მონაცემებით ლარის გაცვლითი კურსი 1,99-ს შეადგენს, ლარი ასეთი გაუფასურებული ბოლოს 2004 წელს იყო.
ქადაგიძის თქმით, ლარის კურსის გამყარება საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, ექსპორტისა და სხვა სავალუტო შემოსავლების ზრდამ უნდა გამოიწვიოს.
ქვეყნის მთავრი ბანკირის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ლარის მნიშვნელოვანი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის, რადგანაც გარკვეული სასაქონლო ჯგუფების ფასების ზრდის მიუხედავად, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირებულია, რაც ლარზე ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს. ქადაგიძე დასძენს, რომ ვალუტის კურსზე ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ახდენს გავლენას და რომ ლარი საქართველოს ეკონომიკას ასახავს.
საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება. ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ლარის გაუფასურება სწორედ მთავრობის არასწორმა საბიუჯეტო პოლიტიკამ გამოიწვია. ლარის გაუფასურებას ექსპერტებიც დეკემბრის თვეში 1,25 მილიარდი ლარის ათვისებას უკავშირებენ.





