ლიტვის პრემიერის ვიზიტი

ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე ვაჩვენოთ წარმატების მაგალითი

ირაკლი ღარიბაშვილი და ალგირდას ბუტკევიჩიუსი
facebook.com/GaribashviliOfficial

ჩვენი ამოცანაა, მაისში რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა, ვაჩვენოთ წარმატების მაგალითი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტველ კოლეგა ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერი საქართველოში ლიტველი ტურისტების რიცხვისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას მიესალმება.

"პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, სამაგალითოა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. ამავე დროს, საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია ლიტვის „განვითარების სფეროში თანამშრომლობის" ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

"რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, გადამწყვეტია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებასა და ამ მიმართულებით მთავრობათაშორისი კომისიის როლზე გაამახვილა ყურადღება ლიტვის პრემიერმა. ალგირდას ბუტკევიჩიუსის განცხადებით, ლიტველი ბიზნესმენები მზად არიან, აწარმოონ ბიზნესი ქართველ კოლეგებთან ერთად. ლიტვის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და აღნიშნა, რომ რუსეთის 2008 წლის აგრესია საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის "გამოღვიძების ზარია".

კომენტარები