კრიზისი უკრაინაში

ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

Reuters

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 97. ამის შესახებ ქალაქის მერია იუწყება. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაციც. მარიუპოლი უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ქალაქია.

მერიისვე ცნობით, ქალაქის მიმართულებით პრორუსმა სეპარატისტებმა გრადის ტიპის სამი სატყორცნიდან 120 რაკეტა გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 6-დან 4 სატყორცნი უკვე განადგურებულია. რაკეტები ქალაქის აღმოსავლეთით დასახლებულ პუნქტში არსებულ ბაზარს დაეცა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სკოლებიც. მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

პრორუსის სეპარატისტები კი აღნიშნულ შემთხვევაში ნებისმიერი სახის მონაწილეობას უარყოფენ და "აშკარა დეზინფორმაციას" უწოდებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ქალაქ მარიუპოლიდან 50 კილომეტრში, ქალაქ ნოვოაზოვსკში სამხედრო რეზერვის კონცენტრაცია მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიევთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, მებრძოლები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის უკრაინული ძალებისგან გათავისუფლებას აპირებენ. ზახარჩენკო გუშინ ამბობდა, რომ პირველ რიგში სლავიანსკის და მარიუპოლის გათავისუფლებას გეგმავს.

გასული წლის აპრილიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს, 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები