იური ვაზაგაშვილის საქმე

ივანიშვილი: ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზანი ალბათ მოწმეების დაშინება იყო

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად საზოგადოებრივ დარბაზ ჯაზუში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. ექსპრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ის იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნამდვილად შეხვდა. ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი გახარებული იყო, რადგან ახალი მოწმეები გამოჩნდნენ. ყოფილი პრემიერის ვარაუდით, იური ვაზაგიშვილის მკვლელობის მიზანი მოწმეების დაშინება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა, ასევე, ქვეყანაში არეულობის შექმნაა.

"მე ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ბატონ იურის. მქონდა ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა და დაგეგმილი გვქონდა შემდეგი შეხვედრაც. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ გამოძიების დასრულებამდე, მე მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი. ბატონი იურისგან მე ვიცი, რომ გამოძიება დასასრულ ფაზაში შედიოდა, ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან... პრაქტიკულად, ვისზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველა ხვდებოდა პასუხისმგებლობის ქვეშ. გვარებიც ბევრი დაასახელა და როგორც მითხრა, გამოძიებამ იცის მათ შესახებ... მკვლელობის მიზანი ალბათ იყო ისევ მოწმეების დაშინება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რომ ვინმე, ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში, გადაურჩეს პასუხისმგებლობას... მეორე ვერსიაა, რაც ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში შანტაჟი და არეულობა გამოიწვიოს, შიში და ნიჰილიზი, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა... ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ამას ვერავინ ვერ შეძლებს და ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ საშინელებაში, აუცილებლად მკაცრად აგებს პასუხს" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები