კრიზისი უკრაინაში

ხარკოვში დაიწყო სპეცოპერაცია სასამართლოს აფეთქებაში მონაწილეთა დასაკავებლად

Sergey Kozlov / RIA Novosti

ხარკოვში დაიწყო სპეცოპერაცია რაიონული სასამართლოს შენობის აფეთქებაში მონაწილეების დასაკავებლად. აფეთქება ხარკოვში გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც შენობაში უკრაინული პარტია სვაბოდას ერთ-ერთი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

უკრაინის შსს-მ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც სამართალდამცავთა პრესსამსახური იუწყება, ადგილზე მიაკვლიეს საეჭვო ნივთს რუსული სიმბოლიკით. გამოძიება ეროვნულ უშიშროების საბჭოს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

პარალელურად, კვლავ დაძაბული ვითარებაა დონეცკში. აეროპორტის მიდამოებში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული ქვედანაყოფები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ობიექტების დაბომბვას განაგრძობენ.

უკრაინის პრემიერმა ქვეყნის დაზვერვის სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის საზღვრიდან სეპარატისტების იარაღითა და სამხედრო ძალით მომარაგება კვლავაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ფონზე პრეზიდენტმა პოროშენკომ გამოსცა ბრძანება ეტაპობრივი მობილიზაციის შესახებ, რომელსაც უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა. მობილიზაცია დღეს დაიწყო და ის სამ ეტაპად განხორციელდება.

კომენტარები