ჯანო ანანიძე

ანანიძე: ოლიმპიაკოსიდან ყოველ დღე მირეკავენ, დაინტერესებულია ჰამბურგიც

ჯანო ანანიძე
www.fc-rostov.ru

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს უკვე გარკვეული პერიოდია კლუბში კარგად ვერ აქვს საქმე. რამდენიმე თვის წინ, როგორც რუსულ პრესაში დაიწერა, ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, ანანიძესა და სპარტაკს შორის ურთიერთობა აირია და დღის წესრიგში მისი სხვა კლუბში გაყიდვა-არენდის წესით გაშვების საკითხი დადგა.

ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და შესაბამისად, მოცემულ მომენტში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებით, რომელიმე ევროპული გუნდი თუა დაინტერესებული. ამ თემაზე ანანიძე გაზეთ კვირის პალიტრას ესაუბრა.

"თუ ევროპული კლუბი არ გამოვიდა, ტულასა და გროზნოში თამაშს ისევ როსტოვი მირჩევნია - იქ ყველას ვიცნობ და ყველა მიცნობს! თუმცა, როგორც აგენტმა მითხრა, გერმანული ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი, მათ შორის - ჰამბურგია სერიოზულად დაინტერესებული; არის ესპანური ვარიანტიც. 

რაც მთავარია, თითქმის ყოველდღე მირეკავენ პირეოსის ოლიმპიაკოსიდან! ბერძნები ჩემს აგენტსაც ელაპარაკნენ და ძალიან არიან მოწადინებულნი. ოლიმპიაკოსი საბერძნეთის საუკეთესო კლუბია, ჩემპიონთა ლიგაზეც სულ თამაშობს. თანაც, ახალი წესებით, იქ არც ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი შემეხება... 

პირეოსელებს ქეცბაიასთვისაც დაურეკავთ და თემურმა მკითხა, რას აპირებო? მე სიამოვნებით წავალ, მაგრამ სპარტაკიც ხომ უნდა იყოს თანახმა-მეთქი?! სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში იანვრის ბოლოს იხურება და წესით, მანამდე უნდა გაირკვეს ყველაფერი. მთავარია, რუსებმა დიდი ფული არ მოითხოვონ...," - განაცხადა ჯანო ანანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანანიძეს სპარტაკთან კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აკავშირებს, ამიტომ მის მსურველ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გაღება მოუწევს, ან განათხოვრების წესით აიყვანოს.

კომენტარები