კრიზისი უკრაინაში

უკრაინა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას 19 იანვრიდან სთავაზობს

AFP

უკრაინა რუსეთს სთავაზობს, ხელი მოაწეროს მინსკის შეთანხმების ამოქმედების გრაფიკს და დღეიდან ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყოს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ასრულებს მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტს და იმავეს ითხოვს რუსეთისგან. ამასთან ერთად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებთან კონსულტაციებში.

გუშინ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამაც. რუსეთი უკრაინაში სიტუაციის ესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კიევს ადანაშაულებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთი მზადაა, ცეცხლის შეწყვეტაში თავისი წვლილი შეიტანოს. განცხადების მიხედვით, მიუხედავად სადავო საკითხებისა, რუსული მხარე მზადაა, დაიწყოს მძიმე შეიარაღების გაყვანა გამყოფი ხაზიდან იმ კოორდინატების შესაბამისად, რასაც უკრაინული მხარე ითხოვს. ამასთანავე, მზადაა დაარწმუნოს ამბოხებულები, რომ მიიღონ ეს შეთავაზება კეთილი ნების გამოხატულებად, რათა არ გაიზარდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს გაეროს გენერალური მდივანი. ბან კი მუნი შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის აეროპორტის კონტროლისთვის სიტუაციის ესკალაციის გამო. გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს, შეასრულონ მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და, პირველ რიგში, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

რამდენიმედღიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის აეროპორტის გარშემო სეპარატისტთა პოზიციებს შეუტიეს. დონეცკის აეროპორტის დამცველთა დასახმარებლად ბრძოლაში ათეულობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი ჩაერთო. უკრაინულმა მხარემ გუშინ განაცხადა, რომ აეროპორტის ტერიტორია სეპარატისტებისგან  გაწმინდა და საკუთარი კონტროლის ზონა გააფართოვა. აეროპორტიდან სამხედროებმა 20 დაჭრილის და ორი დაღუპულის ევაკუაცია განახორციელეს.

კომენტარები