რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გაზსადენი, რომლითაც ევროპას რუსული გაზი მიეწოდება, უკრაინის ნაცვლად თურქეთზე გაივლის. მოულოდნელი განცხადება Газпром-ის თავმჯდომარემ, ალექსი მილერმა, ენერგეტიკულ საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლის მოადგილესთან, მაროშ შეფჩოვიჩთან შეხვედრისას გააკეთა.
მილერის თქმით: „გაზსადენი „თურქეთის დინება" არის ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება 63 მილიარდი კუბი რუსული გაზის მიწოდება ევროპისთვის, რომელიც ახლა უკრაინის გავლით მიეწოდება. სხვა ვარიანტი არ არსებობს".
რუსეთის მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზის 80% უკრაინაზე გადის, რითაც ქვეყანა მილიარდობით დოლარის მოგებას ნახულობს.
მილერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ დაუყოვნებლივ უნდა ააშენოს გაზის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ შეძლოს ბუნებრივი რესურსის მიღება თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან. გაზპრომი დაიმუქრა, რომ ევროპას ახალი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად სულ რამდენიმე წელი აქვს, აქედან გამომდინარე, მან მშენებლობა ახლავე უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი „სხვა ბაზარზე მოხვდება".





