თეორემა

როსნეფტი და მიწაში თავჩარგული ხელისუფლება

საქართველოს მოქალაქეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ. ისინი მოითხოვენ, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება და კომპანია როსნეფტს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის საზღვაო აკვატორიაში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, დააკისროს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტის მიერ პეტროკასის 49% წილის შეძენის შესახებ. პეტროკასი ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს ფლობს, რაც როსნეფტის ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც კომპანია ამიერკავკასიაში საკუთარი არსებობისა და საქმიანობის არეალის გაზრდას გეგმავს.

როსნეფტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ადრესატი გახდა, 2009 წლიდან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს.

საგულისხმოა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ხელისუფლებამ კრიტიკისგან თავდაცვის მეთოდად, როგორც სჩვევია ხოლმე, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა არჩია. ეკონომიკის მინისტრმაც და ვიცე პრემიერმა კალაძემაც, ხელი ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვირეს, იაკობაშვილის პეტროკასი სააკაშვილის და კეზერაშვილის კომპანიად გამოაცხადეს და როსნეფტის შემოსვლაც მათ დააბრალეს.

თუმცა, კეზერაშვილის განცხადებით, მან თავისი წილი პეტროკასში ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით არჩევნების შემდეგ იაკობაშვილს დაუთმო იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ამ უკანასკნელს ქვეყნის ხელისუფლება საქართველოში ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობას არ შეუზღუდავდა.

თუმცა, როგორც ჩანს პირობა არ შესრულდა. საგულისხმოა, რომ როსნეფტთან გარიგებამდე რამდენიმე თვით ადრე, იაკობაშვილი ფორბსთან ბიზნესპროცესებში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობდა.

უმრავლესობის წევრებმა თავდასხმის ტაქტიკა, სირაქლემას ტაქტიკით ჩაანაცვლეს მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და საზოგადოების ნაწილმა როსნეფტის სანქცირება მოითხოვა და ხელისუფლების ბრალდებებს საფუძველი შეერყა. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქალბატონმა ხიდაშელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წარმოდგენა არ აქვს რა არის როსნეფტი და რას აკეთებს, ხოლო საგარეო მინისტრმა განგვიცხადა, რომ მისი ინფორმაციით, როსნეფტი კანონს არ არღვევს.

დღეს მთავრობა კიდევ უფრო გამკაცრებული რიტორიკით წარსდგა ჩვენს წინაშე. ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა გვითხრა, რომ აღიშნული გარიგება მთავრობისგან დამოუკიდებლად შედგა და რომ ამ საკითხის კანონიერებას ერთდროულად სამი უწყება სწავლობს.

საზოგადოების ერთგვარი "დამშვიდების" ეშმაკური ტაქტიკა ხელისუფლებისთვის უცხო არ არის - ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ "დაგვამშვიდეს", რომ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის გაფორმებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მოიწვევდნენ, თუმცა სხდომა არავის მოუწვევია, მაშინ როდესაც დღეს უკვე იგივე ხდება ცხინვალის რეგიონთან მიმართებითაც.

აკისრია თუ არა ხელისუფლებას ვალდებულება ჩაერიოს აღნიშნულ გარიგებაში და სანქციები დააკისროს საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ კომპანიას, რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდა - ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ თეორემას პირველ ნაწილში.

კომენტარები