შვეიცარიული ფრანკი

შვეიცარიული ფრანკი ევროსთან მიმართებით 30%-ით გაძვირდა

Reuters

15 იანვარს შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა შეაჩერა ქვეყნის ვალუტის, შვეიცარიული ფრანკის ევროსთან პეგირების პოლიტიკა, რამაც მსოფლიოს საფინანსო ბაზარზე შოკის ეფექტი მოახდინა. ერთი დღის მანძილზე შვეიცარიული ფრანკი ევროსთან მიმართებით 27%-ით გაძვირდა, ხოლო დოლართან მიმართებით მისი ღირებულება 25%-ით გაიზარდა. 

შვეიცარიული ფრანკის ევროსთან მიბმის პოლიტიკის შეჩერებამ სავალუტო ბაზრებზე გაურკვევლობა გამოიწვია, რადგანაც წლების განმავლობაში შვეიცარიული ფრანკის ასეთი სწრაფი ცვლილებები არ მომხდარა, რის გამოც იგი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ვალუტას წარმოადგენდა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ევროზონის კრიზისის დროს ფრანკი ევროპელებისთვის საიმედო ვალუტას წარმოადგენდა, რის გამოც კერძო ბანკებმა მომხმარებლებისთვის ფრანკში ნომინირებული სესხების შეთავაზება უფრო წაახალისეს. თუმცა ამჟამად, მათ, ვისაც ფრანკში აქვთ ნომინირებული სესხები, ვალის მოცულობა დაახლოებით 30%-ით გაეზარდათ. 

შვეიცარიის ცენტრალურ ბანკს გასული სამი წლის მანძილზე ფრანკი ევროსთან მიმართებით 1,20-ზე ჰქონდა დაფიქსირებული, თუმცა დოლართან მიმართებით ევროს გაცვლითი კურსის გაუფასურების შემდეგ ბანკმა აღნიშნული პოლიტიკის შეჩერება გადაწყვიტა. დღეისათვის ერთი ევრო 1,16 აშშ დოლარი ღირს, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

2011 წლის შემდეგ შვეიცარიის ეკონომიკა ევროზონის ეკონომიკაზე სწრაფად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკის ევროსთან მიბმა უკვე აღარ ასახავდა რეალურ ეკონომიკურ მოვლენებს. 

კომენტარები