ეკონომიკური ზრდა

მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

Reuters

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილ წინასწარ პროგნოზთან (3,4%) შედარებით 0,4%-ით ნაკლებია. ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ევროკავშირისა და განითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას უკავშირდება. 

The Wall Street Journal-ის ცნობით, 2015 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ძალა აშშ-ის ეკონომიკა იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა გასული წლის პირველ კვარტალში 2,1%-ით შემცირდა, თუმცა მეორე და მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა და მესამე კვარტალში 5% შეადგინა. ეს, 2003 წლის შემდგომ, წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას წარმოადგენს. ამასთან ერთად, აშშ-ის ვალუტა გასულ წლებთან შედარებით უფრო გამყარებულია, რაც ფედერალური სარეზერვო ფონდის მიერ დოლარის მიწოდებისა და ნავთობის ფასის შემცირებას უკავშირდება. 

2015 წლის იანვარში ევრომ დოლართან მიმართებით ცხრა წლის მინიმუმს $1,19-ს მიაღწია. ევროზონას დღეისათვის დეფლაციის რისკი ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ხარჯვის სტიმული მოაკლდება. თუკი მომხმარებელები სხვადასხვა პროდუქციაზე უფრო ნაკლებ თანხებს დახარჯავენ, მაშინ ევროგაერთიანების ეკონომიკური ზრდა შენელდება. ევროს დასუსტება აშშ დოლართან მიმართებით დოლარის მსოფლიოში მომხდარ გამყარებას უკავშირდება. 

მრავალი ქვეყნის ვალუტამ დოლართან მიმართებით საშინაო თუ საგარეო მიზეზების გამო სიმყარე დაკარგა, რაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას ახდენს. დოლარის გამყარება არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის დადებითი მოვლენა, რადგანაც ამ დროს ამერიკაში წარმოებული პროდუქციის ღირებულება უცხოეთში იზრდება, რაც ქვეყნის ექსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. 

წინასწარი მონაცემებით, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ჩინეთის ეკონომიკა 2014 წელს 7,6%-ით გაიზარდა. 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7,5%-ია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია: 2010 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 10% იყო. 2010-2012 წლებში ქვეყანა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარ წარმმართველ ძალას წარმოადგენდა. 

2015 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდა -4% იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში დადებითი ეკონომიკური ზრდა 2017 წლამდე მოსალოდნელი არ არის. ნავთობის ფასის შემცირების გამო რუსეთმა საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ნავთობის მოპოვება გაზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი არ შემცირებულა. 

გასულ წელს მსოფლიოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შუა აზიის ქვეყნებში მონღოლეთსა (15%) და თურქმენეთში (9,2%) იყო.

საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%-ით გაიზარდა. საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გასულ წელს მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანას ჰქონდა. 

კომენტარები