საავტომობილო გზა

ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა რამდენიმე თვით აიკრძალება

შსს

თბილისში ყოფილ ელბაქიძის აღმართზე გზის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები დღეს დაიწყება. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღმართზე ტრანსპორტის გადაადგილება 2-3 თვით აიკრძალება. თბილისის მერის თქმით, მომხდარს სპეციალური კომისია შეისწავლის. დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. გზის ჩამონგრევა, სავარაუდოდ, მიწის ქვეშ წყლის გადინებამ გამოიწვია. Georgian Water And Power-ის განმარტებით კი, როგორც ჩანს, ამ ადგილას ფარული დაზიანება იყო.

ამასთან, GWP-ის განცხადებით, გზის ჩანგრევის შედეგად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოების გამო მიმდებარე ქუჩების ნაწილსა და შენობებს წყალმომარაგება შეუწყდა. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ჯავახიშვილის აღმართს, ქიაჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, ასევე მარჯანიშვილისა და საქანელას ქუჩების მცირე ნაწილს და სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ჯავახიშვილის აღმართზე დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.

ყოფილ ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

კომენტარები